იტვირთება

KAMATELI

„გველები“ — წესები

გველების საერთო არენა რეალურ დროში: ჭამე, გაიზარდე, გადაუჭერი გზა სხვებს და თავით არავის სხეულს არ შეეხო.

შესავალი

„გველები“ ერთი დიდი წრიული არენაა, სადაც ყველა ერთად, რეალურ დროში თამაშობს. დააჭირე ღილაკს „თამაში“ და მაშინვე მოედანზე აღმოჩნდები ყველასთან ერთად, ვინც ახლა თამაშობს. ჭამე მანათობელი მარცვლები, გაიზარდე და გახდი არენაზე ყველაზე გრძელი გველი.

მოთამაშეები

  • ყველა იმ არენაზე ხვდება, სადაც ყველაზე მეტი ხალხია და ადგილი ჯერ კიდევ რჩება (40 მოთამაშემდე); როცა არენა გაივსება, ახალი იხსნება.
  • როცა მოთამაშე ცოტაა, არენას კომპიუტერის გველები — ბოტები ავსებენ. სახელთან და საუკეთესოების სიაში მათ ყოველთვის „ბოტი“ აწერიათ.
  • თამაში იწყება, როცა შენი გველი მოედანზე გამოდის, და მთავრდება, როცა გამოეთიშები. ახალ თამაშს ერთი დაჭერით იწყებ.

მართვა

  • კომპიუტერზე: გველი მაუსისკენ მიდის (ან მართე WASD-ით / ისრიანი კლავიშებით). აჩქარება — მაუსის მარცხენა ღილაკი, Space ან Shift. Esc — მენიუ.
  • ტელეფონზე და პლანშეტზე: მარცხნივ ჯოისტიკია (შეეხე ეკრანის მარცხენა ნახევარს და გაასრიალე თითი), მარჯვნივ — აჩქარების ღილაკი; ორივე ერთდროულად მუშაობს. პარამეტრებში შეგიძლია აირჩიო „ფიქსირებული ჯოისტიკი“, „შეხებით მართვა“ ან „ცაცია“.
  • გველი სულ წინ მიიწევს და შეზღუდული სისწრაფით უხვევს — რაც უფრო დიდია, მით უფრო ფართო რკალს აკეთებს.

წესები

  • ყოველი მარცვალი ზომას გიმატებს: გველი გრძელდება და ცოტათი სქელდება.
  • თუ შენი თავი სხვა გველის სხეულს შეეხო, გამოეთიშები — რაც არ უნდა დიდი იყო. ამიტომაც შეუძლია პატარა გველს დიდის დამარცხება: საკმარისია, თავის წინ გზა გადაუჭრა.
  • შუბლით შეჯახებისას ორივე გველი გამოეთიშება, ზომის მიუხედავად; ასეთი გამოთიშვა არავის ეთვლება.
  • საკუთარ სხეულზე გადავლა შეიძლება. ორი გველის სხეულიც ერთმანეთზე უვნებლად გადადის.
  • არენის კიდეს თუ შეეხე, გამოეთიშები. კიდე შორიდანვე ჩანს: მის წინ წითელი ზოლია.
  • გამოთიშული გველის ზომის 70% საკვებად იქცევა და მისი სხეულის გასწვრივ იყრება. ეს საკვები ყველასია — ვინც პირველი მივა, ის შეჭამს.
  • აჩქარება სიჩქარეს გიმატებს, მაგრამ ზომას გაკლებს: კუდიდან მარცვლები გცვივა (საკუთარ ჩამოყრილ მარცვლებს ერთი წამის განმავლობაში ვერ შეჭამ). აჩქარება 25 ზომიდან შეიძლება და 20-ზე ითიშება.
  • ახალი გველი პირველ 2 წამს გამჭვირვალეა: ვერავის ეხება, ვერც მას ეხება ვინმე და ვერც ჭამს. ჩვეულებრივ გველად მხოლოდ უსაფრთხო ადგილას იქცევა.
  • თუ კავშირი გაწყდა, გველი 8 წამს გელოდება მოედანზე (ამ დროს შეიძლება გამოგთიშონ); თუ მოასწრებ დაბრუნებას, იმავე თამაშს გააგრძელებ. ონლაინ თამაში პაუზაზე არ დგება — არც მაშინ, როცა მენიუ ღიაა.

რეიტინგი და ჯილდოები

  • არენის საუკეთესოები კუთხეში რეალურ დროში ჩანს (ჯერ ზომით, მერე გამოთიშვებით); პირველ ადგილზე მყოფს გვირგვინი ადგას. ეს მხოლოდ ამ არენის ახლანდელი სურათია.
  • პირადი რეკორდი შენი ყველაზე დიდი ზომაა; ცალკე ითვლება, ყველაზე დიდხანს რამდენ ხანს გაძელი და რამდენი მოთამაშე გამოთიშე.
  • მონეტები და XP გეძლევა საჯარო არენაზე თამაშისთვის, რომელიც 1 წუთს მაინც გაგრძელდა და 100 ზომას მიაღწია — იმავე დღის ლიმიტებით, რაც ყველა სხვა თამაშში. თუ არენაზე მხოლოდ ბოტები იყვნენ, ჯილდო შემცირებულია, როგორც კომპიუტერთან თამაშისას.
  • მოთამაშის (არა ბოტის) გამოთიშვა დამატებით 5 მონეტას გაძლევს — ერთსა და იმავე მოთამაშეზე დღეში ერთხელ, სულ კი დღეში მაქსიმუმ 10-ჯერ.
  • მეგობრების ოთახსა და ვარჯიშში მონეტები არ გეძლევა და შედეგი საჯარო რეიტინგში არ ჩაითვლება.
  • თამაშის გვერდზე ჩანს დღის, კვირისა და ყველა დროის საუკეთესოები — ზომით, გადარჩენით და გამოთიშვებით.

სკინები

  • სკინი მხოლოდ გარეგნობას ცვლის: სიჩქარეზე, ზომაზე, მოხვევასა და ხილვადობაზე გავლენა არ აქვს.
  • ოთხი სკინი უფასოა. დანარჩენები თამაშით იხსნება (მაგალითად, 15 თამაში, 1500 ზომა, 10 გამოთიშული მოთამაშე) ან მონეტებით იყიდება; „ოქროს გვირგვინი“ მხოლოდ მაშინ გაიხსნება, თუ სავსე არენაზე პირველი გახდები.

მეგობრებთან თამაში და ვარჯიში

  • ითამაშე მეგობრებთან: შექმენი ოთახი, აირჩიე, რამდენი ბოტი და მოთამაშე იქნება, და მეგობრებს მოსაწვევი ან ოთახის კოდი გაუგზავნე. წესები იგივეა.
  • ვარჯიში: მხოლოდ შენ და ბოტები, პირდაპირ ბრაუზერში; პაუზაც შეგიძლია. ჯილდო არ გეძლევა.

რჩევები

  • სანამ პატარა ხარ, დიდი გველების თავებს მოერიდე და მათ გვერდით იარე, არა წინ.
  • გზის გადასაჭრელად მეტოქის თავის წინ ააჩქარე და გადაუხვიე — მისი თავი შენს სხეულს შეეჯახება.
  • აჩქარებას ფრთხილად მოეკიდე: ზომას გაკლებს და მოსახვევში ფართოდ გაგიტანს.
  • დიდ გველს შეუძლია პატარას გარს შემოუაროს და ალყაში მოაქციოს — ეცადე, გამოაღწიო, სანამ რგოლი შეიკვრება.

გველები ონლაინ — გველის .io არენა